
კომპანია Apple-მა ახალი პროდუქტები - iMac, MacBook Pro და მესამე თაობის Mac-ის პროცესორები წარადგინა. კომპანიის პრეზენტაცია კალიფორნიაში, უჩვეულო დროს, 17:00 საათზე გაიმართა და მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა.
Apple-ის ახალი ჩიპები მოწინავე, 3-ნანომეტრიანი წარმოების ტექნოლოგიას ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ Apple კომპიუტერების პირველი მსხვილი მწარმოებელია, რომელიც ამ ტექნოლოგიაზე გადავიდა. პროცესორის უფრო პატარა სივრცე, უფრო მეტ ტრანზისტორს იტევს, რაც გაძლიერებულ მუშაობას უზრუნველყოფს. კომპანიამ ასევე წარადგინა M3 Pro და M3 Max ჩიპები, რომლებიც კიდევ უფრო სწრაფია.
აღსანიშნავია, რომ iMac-ისა და MacBook-ის ახალ მოდელებში ძლიერი ჩიპების გარდა სხვა არაფერი შეცვლილა. თუმცა მოწინავე ტექნოლოგიის ჩიპების დამსახურებით, ახალ მოდელებს უფრო სწრაფი რეაქცია, ფერადი და კაშკაშა გამოსახულება და 22 საათამდე გამძლე ბატარეა აქვთ.
ასე მაგალითად, M3 ჩიპი 35%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე M1, რომლითაც iMac-ის 2021 წლის მოდელია აღჭურვილი. ასევე 65%-ით უკეთესია გრაფიკული გამოსახულება. აღსანიშნავია, რომ iMac-ი 2021 წლის შემდეგ პირველად განახლდა და M1 ჩიპიდან პირდაპირ M3-ზე გადაინაცვლა. ახალი მოდელის ფასი $1 299-დან იწყება.
MacBook Pro-ს მოდელების ფასი ახალი ჩიპების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
- M3 MacBook Pro - $1 599
- M3 Pro MacBook Pro - $1 999
- M3 Max MacBook Pro - $2 499
რაც შეეხება სრულად დატვირთულ, მაღალი კლასის MacBook Pro-ს, რომელიც წარმოდგენილია 16-დიუმიანი ეკრანით, 40 გრაფიკული ბირთვით, რვა ტერაბაიტი მეხსიერებითა და 128 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, Apple-ის ონლაინ მაღაზიის მიხედვით, $7 199 დოლარი ღირს. კომპანიის თქმით, ეს მოდელი Intel-ის ყველაზე მძლავრ ლეპტოპზე 11-ჯერ სწრაფია.
Apple-ი Intel-ის ჩიპებიდან საკუთარი ნახევარგამტარების მოხმარებაზე 2020 წელს გადავიდა. ამ პერიოდში Mac-ის კომპიუტერების გაყიდვების მკვეთრ ზრდასთან ერთად, ჩიპების წარმოების ბიზნესი - Apple Silicon-ი ღირებული აქტივი გახდა.
თუმცა კონკურენციის გაძლიერების პირობებში, ახალი M3 ჩიპის გამოშვებით Apple-ი მიზნად ისახავს ინდუსტრიაში უპირატესობის დაბრუნებას. Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, კომპიუტერების გაყიდვები სადღესასწაულო პერიოდში დაახლოებით 5%-ით გაიზრდება, ხოლო ამ თვის შემოსავლები, საიდანაც ახალი ფისკალური წლის ათვლა დაიწყო, 5.5%-ით მოიმატებს.