LIVE

მთვარე 40 მლნ წლით უფრო ძველია, ვიდრე მეცნიერები მიიჩნევდნენ

29 ოქტ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 281
მთვარე 40 მლნ წლით უფრო ძველია, ვიდრე მეცნიერები მიიჩნევდნენ

ახალი კვლევის თანახმად, მთვარე 40 მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დედამიწის თანამგზავრი 4,46 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ, ჩვენი მზის სისტემის წარმოქმნიდან 110 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა.

მეცნიერები, რომლებიც 1972 წელს  Apollo 17-ის მისიის დროს მთვარეზე შეგროვებულ ფრაგმენტებს სწავლობენ, განმარტავენ, რომ მათ უფრო ზუსტი გზა შეიმუშავეს მთვარის ასაკის გამოსათვლელად. ატომური ზონდის ტომოგრაფიის სახელით ცნობილი ტექნიკის გამოყენებით - რომელიც საგნების სტრუქტურას იკვლევს უკიდურესად მცირე ატომურ დონეზე - მეცნიერებმა გააანალიზეს და დაადგინეს ცირკონის კრისტალების ასაკი. ცირკონის კრისტალები, რომლებიც ძალიან მყარია და დროთა განმავლობაში მკაცრ პირობებს უძლებს, დედამიწისა და თეიას შეჯახების დროს წარმოქმნილი ცხელი მაგმის გაცივებისა და გამყარების შემდეგ წარმოიქმნა.

თეია მარსის ზომის ობიექტი იყო, რომელიც მიიჩნევა, რომ მზის სისტემის ადრეულ, ქაოტურ პერიოდში ახლად წარმოქმნილ დედამიწას შეეჯახა. შედეგად, ცხელი მაგმა კოსმოსში გაიფანტა და ნამსხვრევების სახით, რკალივით შემოერტყა დედამიწას. საბოლოოდ, მთვარე სწორედ ამ ნამსხვრევების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა.

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ მთვარის წარმოქმნის ზუსტი პერიოდის დადგენა მიანიშნებს თუ როდის გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე. პროფესორ, ფილიპ ჰეკის განცხადებით, გიგანტურმა დარტყმამ, რომელმაც მთვარე წარმოქმნა, შეცვალა დედამიწის ბრუნვის სიჩქარე.

„მთვარემ გავლენა იქონია დედამიწის ღერძის სტაბილურობასა და ბრუნვის სიჩქარის შენელებაზე. ამის შედეგად კი შესაძლებელი გახდა დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა“, - დასძენს კვლევის თანაავტორი, პროფესორი ბიდონგ ჟანგი.

Nasa და სხვა კოსმოსური სააგენტოები მთვარის შესწავლას მნიშვნელოვან საფეხურად მიიჩნევენ უფრო ფართო კოსმოსური კვლევების ჩასატარებლად. აღსანიშნავია, რომ Nasa მომავალი წლის ბოლოს მთვარეზე Artemis II-ის ეკიპაჟის გაშვებას გეგმავს. ასტრონავტები, რომლებმაც უნდა დატესტონ Artemis III-ის მარშრუტი, კაფსულებით იმოგზაურებენ მთვარის გარშემო. Artemis III-ის გაშვება 2025 წელს იგეგმება და მიზნად ისახავს 50 წლის შემდეგ პირველად ადამიანების მთვარეზე ჩაყვანას.

ასევე, დიდია დაინტერესება მთვარის სამხრეთ პოლუსის მიმართ, სადაც ადამიანს ჯერ ფეხი არ დაუდგამს. ცნობისთვის, აგვისტოში ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომლის კოსმოსურმა ხომალდმა სამხრეთ პოლუსთან ახლოს წარმატებით შეძლო დაჯდომა.