LIVE

კალაძე წერეთლზე: სამუშაოები დღე და ღამე მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება

23 ოქტ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 333
კალაძე წერეთლზე: სამუშაოები დღე და ღამე მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება

სამუშაოები დღე და ღამე მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი აბუთიძესთან ერთად გაეცნო.

„ერთი მხარე, რომელიც ჩაკეტილი იყო, უკვე გახსნილია, კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია, ასფალტის ქვედა ფენები მოწესრიგებულია და გადაადგილება შესაძლებელია. გადაკეტილი გვაქვს გზის მეორე ნაწილი, სადაც იგივე სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა აქ გაცილებით ნაკლებია გასაკეთებელი, ვინაიდან ძირითადი ქსელი მეორე მხარეს იყო განთავსებული. იმ მხარეს, რომელიც დღეს გვაქვს ჩაკეტილი, ძირითადად დაერთებები მოგვიწევთ, ასევე, წყლისა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება. რაც შეეხება ე.წ. დიდუბის ხიდს, ოქტომბრის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება. როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ იქ მოძრაობაც გავხსენით. პარალელურად, წერეთლის გამზირზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწესრიგება, დაწყებული გაქვს გამწვანების სამუშაოებიც და იანვარში სრულად იქნება დასრულებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, ამჟამად, ტროტუარებზე საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი. გამზირის იმ მხარეს, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, ძველი სავალი ნაწილის მოფრეზვისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება.