LIVE

TBC Capital-ის შეფასებით, რეკორდული სავალუტო შემოდინებების პერიოდი დასრულდა

23 ოქტ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 443
TBC Capital-ის შეფასებით, რეკორდული სავალუტო შემოდინებების პერიოდი დასრულდა

TBC Capital-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, საქართველოში რეკორდულად მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებების პერიოდი დასრულდა. თუმცა, მათივე შეფასებით, წმინდა სავალუტო შემოდინებების ნაწილში ვარდნა არ არის. 

„რეკორდულად მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებების პერიოდი, როგორც ჩანს, მართლაც გასულია. ამასთან, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ადგილი უფრო ნორმალიზებას აქვს, ვიდრე ვარდნას. კერძოდ, საქონლით ექსპორტ-იმპორტის, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლის მშპ-სთან ფარდობა მართალია შემცირებულია, თუმცა, წინა წლების გადასახედიდან, კვლავ მაღალ დონეზეა“, - აცხადებენ TBC Capital-ში.

მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ტურიზმის სექტორში ისრაელიდან შემოსავლებმა იკლო.  

„საყურადღებოა, რომ 17 ოქტომბრის მდგომარეობით, თიბისის არხებით საბარათე ანგარიშსწორებაზე დაყრდნობით, უკვე გამოიკვეთა ისრაელიდან ტურისტული შემოდინებების შემცირება. თუმცა, ამავე პერიოდში, ჯამური ტურისტული შემოდინებები, სექტემბერთან შედარებით სეზონურობის გათვალისწინებით, პირიქით მზარდია. ისრაელიდან გზავნილების მხრივ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნეგატიური ტენდენცია საერთოდ არ იკვეთება. ამასთან, ზომიერი შემცირება ჩანს მიგრაციის კუთხით, რაც ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისობაშია“, - აღნიშნულია კვირის მიმოხილვაში.