
Global Pension Index-ის მიხედვით, 2023 წელს ნიდერლანდებმა მსოფლიოში საუკეთესო საპენსიო სისტემის მქონე ქვეყნის ტიტული დაიბრუნა. გასული წლის ლიდერმა, ისლანდიამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მას კი ჩამონათვალში დანია მოსდევს.
ამერიკული კომპანია Mercer-ის CFA Institute-ის Global Pension Index-ი ყოველწლიურად მსოფლიოს ქვეყნების საპენსიო სისტემებს მათი შესაბამისობის, მდგრადობისა და ყოვლისმომცველობის მიხედვით აფასებს.
წლევანდელი ლიდერი, ნიდერლანდები, აქტიურად საუბრობდა საპენსიო სისტემის პრობლემებზე, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დიდ ზეწოლას განიცდის. ამჟამად ქვეყანა ცდილობს საპენსიო სისტემის კოლექტიური სტრუქტურა უფრო ინდივიდუალური მიდგომით შეცვალოს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიუხედავად, სისტემა მოქალაქეებს მაინც ხელსაყრელ სარგებელს შესთავაზებს, რომელიც ძლიერი აქტივების ბაზითა და შესაბამისი რეგულირებით იქნება გარანტირებული.
სხვა ქვეყნებში საპენსიო ფონდის მთავარ გამოწვევებს მოსახლეობის „დაბერება“, მზარდი სახელმწიფო ვალი და მაღალი ინფლაცია წარმოადგენს.
„საბოლოო გამოსავალი ისაა, რომ მსოფლიოს გარშემო ხალხმა თავად უნდა უზრუნველყოს პენსიაზე გასვლა. მხოლოდ სოციალურ უზრუნველყოფასა და საჯარო პენსიას ვეღარ დავეყრდნობით“, - განაცხადა ინტერვიუში Mercer-ის უფროსმა პარტნიორმა და ანგარიშის მთავარმა ავტორმა, დეივიდ ნოქსმა.
კვლევაში მონაწილე 47 ქვეყანას შორის ყველაზე ცუდი შედეგი არგენტინამ აჩვენა. გასულ წელთან შედარებით ორი პოზიციით ჩამოქვეითდა აშშ და 22-ე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკის ქვეყნების რეიტინგი ასე გადანაწილდა:
- ავსტრალია: მე-5 ადგილი;
- დიდი ბრიტანეთი: მე-10 ადგილი;
- იაპონია: 30-ე ადგილი;
- ჩინეთი: 35-ე ადგილი.
მოხსენების მიხედვით, რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკასა და საპენსიო სისტემაზე გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენა მოახდინა შობადობის შემცირებამ, რამაც მდგრადობის ნაწილში ქულებზე იმოქმედა. ასეთ ქვეყნებს შორისაა იტალია და ესპანეთი. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია რამდენიმე აზიური ქვეყნის, მათ შორის, ჩინეთის, კორეის, სინგაპურისა და იაპონიის საპენსიო სისტემა. ამ ქვეყნებმა შედეგების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო 5 წელიწადში შესაბამისი რეფორმები გაატარეს.
ნოქსი კიდევ ერთ საკითხს გამყოფს, რაც ხელოვნურ ინტელექტსა და მის ეფექტურ გამოყენებას უკავშირდება. მისი თქმით, სწორედ AI-ს დახმარებითაა შესაძლებელი ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, რაც თავის მხრივ, ინვესტიციების მოგების პოტენციურ ზრდას ნიშნავს. ნოქსი დასძენს, რომ ტექნოლოგია ადამიანებს გრძელვადიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი შეიძლება დაეხმაროს.