TBC Capital-ის კვლევების სამსახურის უფროსის ირინა კვახაძის განცხადებით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მკვეთრი შემცირება მოსალოდნელი არ არის.
გადაცემა „ბიზნეს ფორმულაში“ მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში, 2022 წელს ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარზე 65%-ით გაიზარდა გაცემული ნებართვების რაოდენობა.
„არსებობს მაკრო ფაქტორები, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ, და არსებობს ტრანზაქციები.
მაკრო ფაქტორების ნაწილში, როგორიცაა შემოსავლიანობა, ურბანიზაცია და ოჯახის ზომა, ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი მოთხოვნაზე დადებითად მოქმედებს.
დაახლოებით ბოლო 5 თვეა ტრანზაქციები მცირდება. გაყიდვები იკლებს 2022 წელთან შედარებით, ანუ იმ წელთან, როდესაც ბაზარზე განსაკუთრებით დიდი აქტივობა იყო.
ასევე მნიშვნელოვანია გაცემული ნებართვები. ბუნებრივია, რომ 2022 წლის მიმზიდველმა ბაზარმა და სხვა ფაქტორებმა ნებართვების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. შესაბამისად, 2023 წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნებართვები 65%-ითაა გაზრდილი.
ვერ ვიტყვით, რომ ფასის მკვეთრი შემცირების მოლოდინი გვაქვს. შესაძლოა მცირედი კორექტირება მოხდეს, მაგრამ არა განსაკუთრებული“, - განაცხადა ირინა კვახაძემ.