
Colliers Georgia-ს მონაცემებით, თბილისში მესამე თვეა საცხოვრებელი ბინების გაყიდვები მცირდება. დედაქალაქში 2023 წლის სექტემბერში სულ 3 136 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 20%-ით იკლო ბაზრის ზომამ და 169 მლნ დოლარი შეადგინა.
სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციები 18%-ით შემცირდა, ძველ პროექტებში კი - 26%-ით.
დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 7%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში 1%-ით.
რაც შეეხება ძველ ბინებს, მათი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 3%-ით, ქალაქის ცენტრში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.