
ისრაელი-ჰამასის ომის გამო, ისრაელის ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. მცირედი გამყარების მიუხედავად, აშშ დოლართან მიმართებით შეკელი 8-წლიან მინიმუმზე რჩება.
1 დოლარის ღირებულება ახლა 4 შეკელს აღემატება, რაც 2015 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ის 4.1-ს მიაღწევს.
ხანგრძლივი კონფლიქტის პოტენციური ეკონომიკური გავლენის გამო, ინვესტორების შეშფოთებამ გასულ კვირას შეკელის დაცემა გამოიწვია.
ეკონომისტების განმარტებით, ისრაელს შეკელის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად დიდი შესაძლებლობა აქვს, თუმცა ხანგრძლივმა კონფლიქტმა შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა და შრომის ბაზარი მნიშვნელოვნად დააზარალოს.
Capital Economics-ის ეკონომისტის, ნიკოლას ფარის თქმით, ისრაელის ეკონომიკამ წარსულში დაამტკიცა, რომ კონფლიქტების მიმართ მდგრადია და დროთა განმავლობაში ადაპტირება შეძლო. თუმცა, ბევრად უფრო ფართო და ხანგრძლივი ომი ამჯერად შრომის ბაზარსა და ეკონომიკას უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს.
მისივე თქმით, ისრაელის ბანკს ახლა $200 მილიარდის სავალუტო რეზერვები აქვს, რითაც ეროვნული ვალუტის მხარდაჭერა შეუძლია. გასულ კვირას ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის გასამყარებლად $30 მილიარდის გაყიდვა დააანონსა.