American Express Global Business Travel-ის ახალი ანგარიშის თანახმად, სასტუმროს ფასები 2024 წელს ყველაზე მეტად - 17%-ით ბუენოს-აირესში გაიზრდება. ყოველწლიური კვლევის ახალი შედეგების თანახმად, სასტუმროს ნომრის ფასები დიდ ქალაქებში ორნიშნა რიცხვით იზრდება.
Amex Global Business Travel-ი სასტუმროს ფასების შესახებ კვლევას მსოფლიოს 80 ქალაქის შესახებ აქვეყნებს.
2024 წლის ჩამონათვალში მეორე ადგილს მოსალოდნელი 15%-იანი ზრდით მუმბაი იკავებს. ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი, ქვეყანაში დაგვიანებული პოსტპანდემიური აღდგენის ნიშანია. აღსანიშნავია, რომ ტოპ 10-ეულში ინდოეთის კიდევ ორი ქალაქი, ჩენაი და დელი მოხვდა, რომლებიც, შესაბამისად, მეოთხე და მეშვიდე ადგილებს იკავებენ.
ტოპ 10-ეულში ძირითადად ტურისტული ქალაქებია წარმოდგენილი. თუმცა ჩიკაგო, პარიზი და ბოსტონი ათეულში საქმიან მოგზაურთა მზარდი რაოდენობით მოხვდნენ. Amex GBT-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, დევიდ რეიმერის თქმით, პანდემიის შემდგომ დისტანციური სამსახურების ზრდის მიუხედავად, სამუშაო მიზნით მოგზაურობის მაჩვენებელი რეალურად უფრო მაღალია. ზოგიერთ კომპანიაში, მოგზაურობების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს 25%-ით აჭარბებს.
სასტუმროების ფასების ზრდაზე მაკრო ტენდენციებიც მოქმედებს. დევიდ რეიმერის თქმით, მომსახურების სფეროში კვლავ პრობლემად რჩება კადრების დეფიციტი, რაც კომპანიებს მიწოდების შეზღუდვისკენ უბიძგებს. ამ პრობლემის დაძლევის მიზნით, სასტუმროები გამიზნულად ამცირებენ გასაქირავებელი ოთახების რაოდენობას, რაც შემდგომ არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და ფასიც ზემოთ იწევს.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ქალაქს, სადაც შემდეგ წელს სასტუმროს ფასების ყველაზე მკვეთრ ზრდას ელიან:
- ბუენოს-აირესი - 17.5%
- მუმბაი - 15%
- კაირო - 14.6%
- ჩენაი (ინდოეთი) – 14.6%
- ბოგოტა - 14.1%
- ჩიკაგო - 12.6%
- დელი - 12%
- პარიზი - 11%
- ბოსტონი - 11.3%
- ჯაკარტა - 10.9%