LIVE

TBC Capital: განვითარებულ ეკონომიკებში ობლიგაციების შემოსავლიანობა იზრდება

15 ოქტ 202314:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 365
TBC Capital: განვითარებულ ეკონომიკებში ობლიგაციების შემოსავლიანობა იზრდება

TBC Capital-ის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, განვითარებულ ეკონომიკებში ობლიგაციების შემოსავლიანობა იზრდება.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ში 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ გასულ კვირას 4.79%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2007 წლის კრიზისის შემდეგ.

„სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ბოლოდროინდელი ზრდა შეგვიძლია მივაწეროთ ფედერალური სარეზერვო ბანკის მკაცრ ტონსა და საბაზრო ნარატივებს“, - აცხადებენ TBC Capital-ში.   

მათივე შეფასებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რეგიონული სუვერენული ობლიგაციების ბაზარზე კლება აღინიშნება, რაზეც 1.05%-ით შემცირებული TBC Capital-ის სუვერენული ობლიგაციების ინდექსიც მიუთითებს.

„აღსანიშნავია, რომ რუმინეთის სამთავრობო ობლიგაციების ფასებმა მნიშვნელოვანი, 4%-იანი ვარდნა განიცადა. ნეგატიურ ტენდენციებს განიცდიდა ყაზახეთისა და უზბეკეთის სამთავრობო ობლიგაციებიც, თუმცა გვხვდება გამონაკლისი თურქული სუვერენული ობლიგაციების სახით, რომელთა ფასებიც 0.2%-ით გაიზარდა“, - აღნიშნავენ TBC Capital-ში.

ანგარიშის თანახმად, ბოლო 2 კვირაში TBC Capital-ის რეგიონული კორპორატიული ობლიგაციების ინდექსი 0.63%-ით შემცირდა.

„კლება, ძირითადად, განპირობებული იყო ენერგოსექტორში, ყაზახური და ნიდერლანდური კორპორატიული ობლიგაციების საორიენტაციო ფასების 3%-იანი ვარდნით.

აღსანიშნავია, რომ Nostrum Oil & Gas Finance BV-ის ობლიგაციების ფასმა მნიშვნელოვანი, 4.4%-იანი კლება განიცადა. ამ ტენდენციის ერთადერთ გამონაკლისს თურქული კომპანია ODEA BANK AS-ი წარმოადგენს, რომლის ობლიგაციების ფასიც შთამბეჭდავი, 7.08%-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვაში.  

TBC Capital-ის ინფორმაციით, რუსეთისა და ყაზახეთის თანამფლობელობაში არსებული ევრაზიის განვითარების ბანკი საერთაშორისო ბაზრებზე 500 მლნ დოლარის ღირებულების ისლამური ობლიგაციის, სუკუკის გამოშვებას აპირებს, რომლითაც ცენტრალური აზიის პროექტებს დააფინანსებს. ბანკმა უკვე გამოავლინა პოტენციური პროექტები და აქტიურად აგრძელებს ცენტრალურ აზიაში ე.წ. ისლამური საფინანსო პროექტების დაფინანსებას, რომელთა აქტივები, ერთ-ერთი შეფასებით, 2030-2035 წლებში 10 მლრდ დოლარს მიაღწევს. ბანკის საწესდებო კაპიტალი 7 მლრდ დოლარია.