
2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდებათ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.
2025-2026 სასწავლო წლიდან, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში შესვლას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის შუალედში შეუსრულდებათ.
„იცით, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მათ შორის მშობელთა დიდი მომართვიანობა ბოლო წლების განმავლობაში. ამ საკითხის ცვლილება დავიწყეთ ორი წლის წინ და ყოველწლიურად ერთი თვით ვწევდით იმ ვადას, რა ვადამდეც შესაძლებელია ბავშვების სკოლაში შეყვანა. დარგის სპეციალისტებთან, მშობლებთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაზე სწორი, ობიექტური წყალგამყოფი - ეს არის 31 დეკემბრის ჩათვლით, ვისაც შეუსრულდა 6 წელი“,- განაცხადა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს უფლება ექნებათ, სურვილისამებრ, გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდა ან დარეგისტრირდნენ პირველ კლასელებად. ეს გადაწყვეტილება გავრცელდება 2025-2026 სასწავლო წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზეც.
„ეს ცვლილება არის ნებაყოფლობითი, შესაბამისად თუ მშობელი ან მეურვე მიიჩნევს, რომ ბავშვი იმ ასაკში არაა სკოლისთვის მზად, ბუნებრივია, შეუძლია დატოვოს ბავშვი ბაღში და ერთი წლის შემდგომ მიიყვანოს სკოლაში. ხოლო ის, ვინც ჩათვლის, რომ ბავშვი უკვე მზად არის სკოლისთვის, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ამ შესაძლებლობას მივცემთ ყველა ბავშვს, ვისაც 6 წელი შეუსრულდება პირველ დეკემბრამდე“,- აღნიშნა ამილახვარმა.
როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც საქართველოში სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას ითხოვდნენ.