LIVE

TBC Capital: სავალუტო შემოდინებებში ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია

09 ოქტ 202314:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 377
TBC Capital: სავალუტო შემოდინებებში ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია

TBC Capital-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, სავალუტო შემოდინებების კუთხით, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა ხვედრითი წილი უფრო ზომიერია.

მათივე შეფასებით, ისრაელში განვითარებული მოვლენები ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორია. 

„სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისი იყო. პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების უკვე დაღმავალი ტენდენცია, თუმცა, ისრაელში განვითარებული მოვლენები ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორია.

სავალუტო შემოდინებების კუთხით, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა ხვედრითი წილი უფრო ზომიერია. კერძოდ, ბოლო დაახლოებით ერთი წლის მონაცემებით, წილი ტურიზმში, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 6.5%-ს, გზავნილებში კი 5.4%-ს შეადგენს. საქონლის ექსპორტში, იმპორტსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ანალოგიური მაჩვენებლები მხოლოდ 0.5%-ის ფარგლებშია. მთლიანობაში, ვინარჩუნებთ შეფასებას სავალუტო შემოდინებების უფრო ნორმალიზების, ვიდრე გაუარესების კუთხით“, - აცხადებენ TBC Capital-ში.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვესქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა ამ დროისთვის 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 2 200-ს აღემატება.