
მომდევნო წლის ზაფხულისთვის, კერძოდ 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, პარიზში სასტუმროების ფასები გასამმაგებულია. სწორედ ამ დროს საფრანგეთის დედაქალაქი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს.
კერძოდ, ოლიმპიური თამაშების პერიოდში პარიზში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი ერთი ღამე საშუალოდ $685-ია მაშინ, როცა ჩვეულებრივ ივლისში ფასი $178-ია; 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი $953-ია ოლიმპიური თამაშების დროს, ჩვეულებრივ კი საშუალო ფასი $266-ია.
მიუხედავად ფასების საგრძნობი მომატებისა, ჯავშნების რაოდენობაც დიდია. ამ ეტაპზე, ოლიმპიური თამაშებისთვის პარიზის ყველა სასტუმროს ნომრების 45% უკვე დაჯავშნილია. როგორც წესი, ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 3%-ია.
ოლიმპიური თამაშებისთვის პარიზი 11 მილიონზე მეტ მნახველს ელოდება, მათგან 3.3 მილიონი პარიზის რეგიონის გარედან ან საერთოდ უცხო ქვეყნებიდან იქნება, შესაბამისად, ქალაქში განთავსებისთვის სასტუმრო დასჭირდებათ.