
2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შესული განაცხადების 66% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს, 34% კი ნივთის ადგილზე შეძენას ეხება.
სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებელთა მხრიდან შესული განცხადებები შემდეგ მოთხოვნებს ეფუძნება:
- თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა - 136;
- ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება - 122;
- შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა - 27;
- ნივთის უპირობოდ დაბრუნება - 21;
- ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება - 15;
- სხვა - 80.
საანგარიშო პერიოდში, სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი განცხადება, 71% საბითუმო და საცალო ვაჭრობას ეხება, 14% - ტრანსპორტსა და დასაწყობებას, 4%-ს ხელოვნება, გართობა და დასვენება იკავებს, 11% კი დანარჩენ საქმიანობებზე ნაწილდება.
რეგიონების მიხედვით, 86%-ით თბილისი ლიდერობს, რომელსაც მოსდევს აჭარა 6%-ით, ბოლო ადგილს კი, 4%-ით იმერეთი იკავებს.
კონკურენციის სააგენტომ ბოლო 11 თვეში მთლიანობაში 401 საქმიდან შესწავლა 227 საქმეზე დაიწყო. მომხმარებლების სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება 110 საქმიდან 72-ზე გაფორმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 72 შემთხვევაში მოვაჭრეებმა ვალდებულება აიღეს შეეცვალათ საქმიანობის შიდა პოლიტიკა, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, მომხმარებელთა უფლებები დაირღვა. ამ დროისთვის 55 საქმეზე გაფორმებულ 35 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.
11 თვის განმავლობაში, შეტანილი განაცხადის საფუძველზე, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტი 27 შემთხვევაში დადასტურდა, 5 შემთხვევაში კი არა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა. ამ დროისთვის, დარღვევის დადასტურების 11 საქმეზე - 8 შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია.
ცნობისთვის, დარღვევის აღმოჩენიდან 2 წლის ვადაში, მომხმარებელს უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს თუ მომხმარებელთა უფლებების შესაძლო ან უშუალოდ დარღვევის შესახებ ინფორმაციას ფლობს. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოავაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება. 12 თვის განმავლობაში დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.