
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი რუსეთს ტოვებს. Binance-ი თავის ბიზნესს ახლადშექმნილ კრიპტობირჟა CommEX-ზე გაყიდის.
აღსანიშნავია, რომ Binance-ი იქნება ერთ-ერთი ბოლო კომპანია, რომელიც რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვებს.
მიუხედავად იმისა, რომ Binance-ი გარიგების დეტალებს არ ასაჯაროებს, კომპანია აცხადებს, რომ იგი გაყიდვებიდან შემოსავლებს აღარ მიიღებს და, რაც მთავარია, კომპანიის წილებს სამომავლოდ ვეღარ გამოისყიდის.
"ვუყურებთ მომავალს და ვაცნობიერებთ, რომ რუსეთში ოპერირება Binance-ის სტრატეგიას არ შეესაბამება," - განაცხადა Binance-ის წარმომადგენელმა, ნოა პერლმანმა; თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ განცხადებაში მას უკრაინაში მიმდინარე ომი არ უხსენებია.
ამასთან, Binance-მა განაცხადა, რომ რუსი მომხმარებლების აქტივებს საფრთხე არ ემუქრება და, მიუხედავად იმისა, რომ CommEX-ში მათ გადატანას ერთ წლამდე დრო დასჭირდება, პროცესი წესების დაცვით წარიმართება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი მრავალმა კომპანიამ დატოვა. თავიანთი ბიზნესები მათ ან გაყიდეს, ან მმართველობაში ადგილობრივ მენეჯერებს გადასცეს. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნაა, ხოლო, მეორე მხრივ, იმ საფრთხის გაცნობიერება, რომ კრემლმა შესაძლოა უცხოურ აქტივებზე კონტროლი მოიპოვოს.