
1-ელი დეკემბრიდან თბილისის მერია მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების ფასიან სერვისს შესთავაზებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე, ასევე, განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე.
"ბევრი მოქალაქე ვერ ერკვევა აღნიშნულ დოკუმენტაციაში და ხშირად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ეუბნება მათ, რომ დაეხმარება და მიდის თანხების გამოძალვა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, მუნიციპალიტეტი მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტულ სერვისს, პერსონალურ კონსულტანტს", - თქვა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, პერსონალური კონსულტანტის მომსახურების ფასი დამოკიდებული იქნება ობიექტის ფართობზე - 3-თვიანი მომსახურების საფასური იქნება 6 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი არ აღემატება ერთ ჰექტარს; 12 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ერთ ჰექტარზე, მაგრამ არ აღემატება ხუთ ჰექტარს; 30 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ხუთ ჰექტარზე.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება. სერვისის ღირებულება რიგ შემთხვევებში ფიქსირებული იქნება, რიგ შემთხვევებში კი საპროექტო ტერიტორიის ფართობის სიდიდიდან გამომდინარე დადგინდება.