
ყველასათვის ცნობილი საძიებო სისტემა Google-ი დღეს 25 წლის გახდა. ამ დღეს კომპანია აღნიშნავს სპეციალური გიფით, რომელშიც "Google-ი" "G25gle-ად გარდაიქმნება."
"25 წლის წინ, Google Search კალიფორნიის გარეუბნის გარაჟში შეიქმნა. დღეს ჩვენ ოფისები და ინფორმაციული ცენტრები მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, 200-ზე მეტ ქალაქში გვაქვს," - ნათქვამია კომპანიის დღევანდელ ბლოგში.
Google-ი დოქტორანტურის სტუდენტებმა, სერგეი ბრინიმ და ლარი პეიჯიმ შექმნეს 1998 წლის 4 სექტემბერს, თუმცა იგი ოფიციალურად 27 სექტემბერს გამოვიდა. ბრინი და პეიჯი ერთმანეთს სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე შეხვდნენ. ორივე მათგანის მოტივაცია გლობალური ციფრული სამყაროს უფრო ღია სივრცედ ქცევა იყო.
Google-ს ამჟამად კომპანია Alphabet-ი ფლობს. Forbes-ის სიაში The Global 2000, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებს გაყიდვების, მოგების, აქტივებისა და საბაზრო ღირებულების მიხედვით ანაწილებს, Alphabet-ი მეშვიდე ადგილს იკავებს. ამჟამად მისი საბაზრო ღირებულება $1 340.53 მილიარდია.