LIVE

ბიუჯეტის თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის 8 პირის მიმართ დევნა დაიწყო

27 სექ 202310:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 463
ბიუჯეტის თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის 8 პირის მიმართ დევნა დაიწყო

ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

უწყების განმარტებით, საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩაატარეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს 8 717 236 ლარის ღირებულების დღგ-ს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა თამბაქოს ნაწარმისა და სხვადასხვა საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 1 326 603 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომლის ნაწილი 876 723 ლარი გამოიტანეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხა გამოყენებულ იქნა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.