LIVE

ETIAS-ის ამოქმედება შესაძლოა, 2025 წლამდე გადაიდოს

04 ოქტ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 588
ETIAS-ის ამოქმედება შესაძლოა, 2025 წლამდე გადაიდოს

ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება შესაძლოა, კიდევ ერთხელ გადაიდოს. 

ევროკავშირის რამდენიმე მინისტრზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ETIAS-ის იმპლემენტაცია 2024 წლის ნაცვლად, 2025 წლიდან იგეგმება. 

etias.com-ის თანახმად, სისტემის შესაძლო გადადების მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია გაუთვალისწინებელი საკითხები, რომლებიც სისტემის შემუშავებისა და ტესტირების ფაზებზე წარმოიშვა. ამ საკითხებმა სისტემის მზადყოფნის შესახებ შეკითხვები გააჩინა.

ამასთან, ETIAS-თან მჭიდროდ დაკავშირებულ ევროკავშირის შესვლის/გასვლის სისტემას ასევე შეექმნა გარკვეული შეფერხებები.

სისტემის ამოქმედების გადადების კიდევ ერთ მიზეზად მიიჩნევა 2024 წელს პარიზში დაგეგმილი ოლიმპიადა, რომელიც დიდ რესურსებს და ყურადღებას მოითხოვს. ღონისძიების გამო, დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განახლება და უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.  

ETIAS შენგენის ზონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად შეიქმნა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის მართვის ორგანოები ამჟამად ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას მოგზაურებზე, რომლებსაც არ მოეთხოვებათ ვიზა ევროკავშირში შესასვლელად. ამიტომ ETIAS წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორც მოგზაურობის უსაფრთხოების სკრინინგისა და რისკის შეფასების მხარდაჭერის, ასევე შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით. მოგზაურობის მსგავსი ავტორიზაციის სისტემა მოქმედებს, მაგალითად, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.