LIVE

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს

25 სექ 202312:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 400
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, თბილისის აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტსა და სადახლოს გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ჯამში 780 144 ლარის ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

"მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 296 522 აშშ დოლარი, 1300 რუსული რუბლი, 240 ტაჯიკური სომონი, 780 ჩინური იუანი, 198 000 ყაზახური ტენგე და 550 ყირგიზული სუმი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 780 144,43 ლარი შეადგინა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში 78 014,443 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის კანონდამრღვევ მოქალაქეს, რომელსაც 197 750 აშშ დოლარი ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოჰქონდა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა განესაზღვრა.