
რუსეთში ნავთობის მწარმოებელმა კომპანიებმა, Lukoil-მა და CenGeo-მ, ყაზახური ნავთობის, CPC Blend-ის, ექსპორტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყეს. რუსეთიდან საამიროებში ნავთობის პირველი ტვირთები აგვისტოსა და სექტემბერში შევიდა.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა, რუსეთმა, მსოფლიოში ნავთობის მესამე უმსხვილესმა მიმწოდებელმა, ექსპორტი ძირითადად ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში გადაიტანა. ამასთან, რუსული ნავთობი ბრაზილიას, შრი ლანკასა და პაკისტანსაც მიეწოდებათ. ამ ქვეყნებს ამიერიდან არაბთა გაერთიანებული საამიროებიც დაემატა.
CenGeo-მ ტვირთი კომპანია Paramount-ს მიაწოდა, რომელმაც ნავთობი 14-16 აგვისტოს იუჟნაია ოზერეევკას პორტში დატვირთა. იგი აბუ-დაბის ნავთობის ეროვნული კორპორაციის, ADNOC-ის, მფლობელობაში მყოფ Ruwais-ის გადამამუშავებელ ქარხანაში 14 სექტემბერს გადმოიტვირთა.
აგვისტოს დასაწყისში Lukoil-ის გაყიდვების ფილიალმა, Litasco-მ, 123 000 ტონა CPC Blend-ი კომპანია Delta Hellas-ს ტანკერში დატვირთა და ისიც ბოლოს Ruwais-ის გადამამუშავებელ ქარხანაში გადმოიტვირთა.
აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები თავადაც ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და მიმწოდებელია, თუმცა ზოგჯერ ისიც ყიდულობს სხვადასხვა ტიპის ნავთობს, რათა ოპტიმალური ფასები უზრუნველყოს.