
რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ რუსეთში ექსპორტი იზრდება და ეს ტენდენცია რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნარჩუნდება, მაშინ როდესაც დემოკრატიული სამყარო აქტიურად ცდილობს რუსეთში ექსპორტის შემცირებას და მის მიმართ სანქციებს აწესებენ, - ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორის" მიმოხილვაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ანალიზი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეფუძნება.
2023 წლის იანვარი-აგვისტოს თვეების მონაცემებით, რუსეთში ექსპორტმა 461,385,700 აშშ დოლარი შეადგინა, ამ მაჩვენებლით რუსეთის წილი ექსპორტში 11.4%-ს შეადგენს და ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. რუსეთში ექსპორტის მონაცემები გაზრდილია წინა წელთან შედარებით, გასული პერიოდის მაჩვენებელი 400,009,500 აშშ დოლარს შეადგენდა.
მოწინავე ადგილებს იკავებს რუსეთი იმპორტის კატეგორიაშიც. 2023 წელს 8 თვის განმავლობაში რუსეთიდან განხორციელებულმა იმპორტმა 1,225,512,100 აშშ დოლარი შეადგინა და რუსეთის წილი იმპორტში 12.3 პროცენტია. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება და მეორე ადგილს იკავებს. გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით თანხობრივად გაზრდილია იმპორტის მაჩვენებლებიც, კერძოდ წინა წლის მაჩვენებელმა 1, 068,752,400 აშშ დოლარი შეადგინა.
ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში ექსპორტზე საქართველოს ღვინო გააქვს. 2023 წლის იანვარი-აგვისტოს თვის განმავლობაში 41,357 ტონა, ჯამში 112,112,000 აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, რაც 21,745 მილიონით აშშ დოლარით აღემატება გასული წლის მონაცემებს.
"ფლანგვის დეტექტორში" აღნიშნავენ, რომ რუსეთში ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი 10-დან 8 კომპანია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულია. მათი მესაკუთრეები ან დირექტორები მმართველი პარტიის შემწირველები ან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დაახლოებული პირები არიან. კომპანიების მესაკუთრეებში ხშირად გვხვდებიან რუსეთ-საქართველოს, ან რუსეთის მოქალაქეები.