LIVE

ღარიბაშვილი: საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად

23 სექ 202310:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 353
ღარიბაშვილი: საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. ამის შესახებ მან გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ძვირფასო მეგობრებო, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები. 

სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში", - თქვა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილმა გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთის დასავლეთთან  კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის.

"თბილისის აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმი" წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.