
რუსეთი მომდევნო წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯების მასიურად ზრდას გეგმავს. ამის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია.
კერძოდ, თავდაცვის ხარჯები 2024 წლის ბიუჯეტში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება და 10.8 ტრილიონ რუბლს მიაღწევს, რაც 112 მილიარდი აშშ დოლარი; აღნიშნული რიცხვი 2023 წელს 6.4 ტრილიონი რუბლი იყო (მშპ-ს 3.9%), ხოლო 2021 წელს - 3.6 ტრილიონი რუბლი (მშპ-ს 2.7%).
რუსეთის ომის ხარჯები ბოლო პერიოდში გამუდმებით იზრდება, უკრაინაში ომის დასრულებას კი ჯერჯერობით პერსპექტივა არ აქვს. უფრო მეტიც, მომდევნო წელს კრემლის თავდაცვის ხარჯები სოციალურ დანახარჯებსაც კი გადააჭარბებს.
კერძოდ, სოციალური პოლიტიკის ხარჯებად 2024 წელს მხოლოდ 7.5 ტრილიონი რუბლია გათვლილი. ამ მხრივ 2023 წელს რუსეთმა 6.5 ტრილიონი დახარჯა.
მიუხედავად ამისა, რუსეთი ეკონომიკის მომავლის მიმართ მაინც პოზიტიურადაა განწყობილი.
ქვეყანა ვარაუდობს, რომ ბიუჯეტში შემოსავლები მომდევნო წელს, 2023 წელთან შედარებით, 22%-ით გაიზრდება და 35 ტრილიონ რუბლს მიაღწევს, ხოლო დეფიციტი განახევრდება და მშპ-ს 0.9%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება საწვავისა და ნავთობის შემოსავლები. ვარაუდობენ, რომ ამ მხრივ რუსეთი 2024 წელს 11.5 ტრილიონ რუბლს მიიღებს.