LIVE

რუსეთი ექსპორტზე ახალ გადასახადს აწესებს, რომელსაც რუბლის კურსს მიაბამს

22 სექ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 454
რუსეთი ექსპორტზე ახალ გადასახადს აწესებს, რომელსაც რუბლის კურსს მიაბამს

პირველი ოქტომბრიდან რუსეთი ექსპორტზე ახალ გადასახადს დააწესებს, რომელიც რუბლის კურსზე იქნება მიბმული. მთავრობის განცხადებით, შეზღუდვები ძალაში წლის ბოლომდე დარჩება. 

"გადაწყვეტილება ადგილობრივ ბაზარს ფასების ზრდისგან დაიცავს," - აცხადებს მთავრობა. "რეგულაციის მიზანია, ექსპორტირებულ პროდუქტსა და შიდა მოხმარებას შორის რაციონალური სხვაობა შეინარჩუნოს."

ერთი დოლარის ფასი ამჟამად 97 რუბლის ფარგლებში მერყეობს. მთავრობის განცხადებით, თუ რუსეთის ეროვნული ვალუტა გამყარდება და ერთი დოლარის ღირებულება 80 რუბლამდე დაეცემა, ამ შემთხვევაში აღნიშნული რეგულაცია აღარ ამოქმედდება.

Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაციის შემოღებით რუსეთის ბიუჯეტში დამატებით 600 მილიარდი რუბლი გაჩნდება, რაც 6.3 მილიარდი აშშ დოლარია. 

რუსეთი უკვე დიდი ხანია ეძებს ბიუჯეტში ხარჯების შემცირების გზებს. პრობლემებს გაუფასურებული რუბლიც ემატება, რისთვისაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 12%-მდე გაზარდა. ქვეყანაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6-7%-ია. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა საწვავის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა უკვე დააწესა. ინიციატივის შესახებ, რომლის მიზანიც ადგილობრივი ფასების სტაბილურობა და წარმოების დაცვაა, დეტალები ცნობილი არაა; მიუხედავად ამისა, ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებიდან მალევე საწვავის ფასები ევროპაში გაიზარდა. საყურადღებოა ისიც, რომ საწვავის ფასები საქართველოშიც, რომლისთვისაც რუსეთი მთავარი მიმწოდებელია, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იზრდება.