
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, არ ახდენდა კომპანიის გადასახადების სრულად დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 287 960 ლარის გადახდას. მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა კომპანიის საკუთრებაში არსებული 567 076 ლარის ღირებულების ქონება, მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგებით, გადააწერა მისსავე განკარგულებაში არსებულ მეორე კომპანიას, რათა საგადასახადო ორგანოებს ვეღარ მოეხდინათ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების იძულების წესით ამოღება“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების განმარტებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე და 205-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.