
აზიის განვითარების ბანკს (ADB) საქართველოში ახალი დირექტორი ჰყავს. ლესლი ბეარმან ლაჰმი თანამდებობის შესრულებას უკვე შეუდგა.
ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლესლი ლაჰმი, მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის რანგში უხელმძღვანელებს ADB-ის ოპერაციებს საქართველოში, გაუძღვება ბანკის თანამშრომლობას მთავრობასთან, განვითარების პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. მის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგიის მომზადების ზედამხედველობა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.
"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში და ხელი შევუწყო ქვეყანასთან ბანკის ძლიერი და მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ADB განაგრძობს ტრანსფორმაციული ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა დარგსა და პრიორიტეტულ რეფორმაში საქართველოს განვითარების ამბიციური დღის წესრიგის განსახორციელებლად", - განაცხადა ლესლი ლაჰმმა.
ლესლი ლაჰმი, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) მოქალაქეა და 30 წლიანი პროფესიული კარიერიდან 20 ADB-ში აქვს გატარებული. ის ADB-ის 2002 წელს შეუერთდა და ნამუშევარი აქვს მრავალ მაღალ თანამდებობაზე.
ლაჰმი საქართველოში დანიშვნამდე ADB-ის ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, სადაც ბანკის განვითარებადი წევრი ქვეყნებისთვის დახმარების მოზიდვაში იყო ჩართული.