LIVE

სიღარიბე, უმუშევრობა და დაბალი ხელფასი საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება - PMC

23 სექ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
სიღარიბე, უმუშევრობა და დაბალი ხელფასი საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება - PMC

PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშის თანახმად, 2013-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკა სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესდა, თუმცა ამის მიუხედავად სიღარიბე, უმუშევრობა და დაბალი ხელფასი, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩევა.

„გასულ ათწლეულში საქართველოს ეკონომიკა სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესდა. მაგალითად, 2013-2022 წლებში ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა 44%-ით და $6 6721 შეადგინა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 26.2%-დან 15.6%-მდე, ხოლო უმუშევრობის დონე 26.4%-დან 17.3%-მდე შემცირდა.

მიუხედავად ამ პოზიტიური ტენდენციებისა, საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ სიღარიბე და მასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა უმუშევრობა და დაბალი ხელფასები, კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქართული საზოგადოებისთვის“, - აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულში საქართველოში ჯინის ინდექსის საშუალო მაჩვენებელი 0.4 იყო, რაც აღნიშნავს შემოსავლების მაღალ უთანასწორობას. თუმცა 2018 წლიდან ინდექსმა კლება დაიწყო და 0.4 ქულის ნიშნულს ჩამოსცდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო გადავიდა შემოსავლების შედარებით უთანასწორო კატეგორიაში.

PMC-ის მიხედვით, უკანასკნელ ათწლეულში ჯინის ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა - 0.36 ქულა.

„ჯინის ინდექსის შემცირების მიუხედავად, საქართველოს კვლავ აქვს უთანასწორობის უფრო მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირის, შავი ზღვის რეგიონისა და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.

რაც შეეხება შემოსავლების დონეს საქალაქო და სასოფლო ტიპის დასახლებების მიხედვით, აღსანიშნავია, რომ ისტორიულად საქალაქო ტიპის დასახლებებში შემოსავლის დონე უფრო მაღალი იყო, სასოფლო ტიპის დასახლებებთან შედარებით. თუმცა ანგარიშის თანახმად, გასულ ათწლეულში სხვაობა შემცირდა და 2022 წელს სასოფლო ტიპის დასახლებებმა გაუსწრო საქალაქო დასახლებებს შინამეურნეობების ნომინალური მედიანური შემოსავლის მიხედვით. PMC-ის შეფასებით, ეს ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს სასოფლო ტიპის დასახლებებში დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების ზრდით. 

„2013-დან 2019 წლამდე საქალაქო ტიპის დასახლებების ნომინალური მედიანური შემოსავალი საშუალოდ 1.3-ჯერ მეტი იყო, ვიდრე სასოფლო დასახლებებში. თუმცა, 2020 წლიდან მოყოლებული, სხვაობა შესამჩნევად შემცირდა და სასოფლო დასახლებებისა და საქალაქო დასახლებების მაჩვენებელი დაუახლოვდა ეროვნული ნომინალური მედიანური შემოსავლის დონეს. 

ბოლო ათი წლის განმავლობაში სასოფლო ტიპის დასახლებებში ნომინალური მედიანური შემოსავლები გაიზარდა 101%-ით, ხოლო საქალაქო ტიპის დასახლებებში - 56%-ით. 

ინფლაციაზე მორგებული შინამეურნეობების მედიანური შემოსავლის ანალიზი აჩვენებებს, რომ შინამეურნეობების რეალური მედიანური შემოსავლები სასოფლო ტიპი დასახლებებში გაიზარდა 30%-ით, ხოლო საქალაქო ტიპის დასახლებებში - 3%-ით“, - აღნიშნულია ანგარიშში.