
კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ “მოდუსს“ დარღვევის ფაქტი დაუდგინა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, დადასტურდა კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა:
- 1 თვის ვადაში, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა;
- სავაჭრო ობიექტებსა და ვებგვერდზე www.modus.ge ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;
- შეიმუშავოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი;- მკაფიოდ ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი საგარანტიო პირობები.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, სააგენტოში 360 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 10 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე - 64 შეთანხმება გააფორმა. ამ დროისთვის, 52 საქმეზე გაფორმებულ 32 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 20 დარღვევის ფაქტი - 34 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა.