
ფინეთმა რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას ფინური საინფორმაციო სააგენტო YLE ავრცელებს.
კვირის დასაწყისში რუსულნომრიანი მანქანების შესვლა ბალტიის ქვეყნებმა: ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა - აკრძალეს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის, თქმით, აკრძალვა ძალაში 16 სექტემბრიდან, შესაბამისად, პარასკევის შუაღამიდან შევა.
ფინეთმა და ბალტიის ქვეყნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 8 სექტემბერს ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაერთიანების ტერიტორიაზე რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილების შესვლა შესაძლოა, აკრძალულ იმპორტად შეფასდეს.
ფინეთი, რომელიც აპრილში NATO-ს წევრი გახდა, რუსეთთან 1 340 კილომეტრის სიგრძის საზღვარს იზიარებს.