LIVE

აშშ-ში General Motors-ის და Ford-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

16 სექ 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 344
აშშ-ში General Motors-ის და Ford-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში General Motors-ის (GM), Ford-ისა და Stellantis საწარმოების 10 000-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. ავტოინდუსტრიის ასოციაციის ცნობით, ამ კვირაში კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, კომპანიის მიერ შეთავაზებული ახალი პირობები თანამშრომლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. წინასწარი შეფასებით, გაფიცვების შედეგად ეკონომიკაზე დარტყმა შესაძლოა $5 მილიარდ დოლარზე მეტი იყოს.

ავტომუშაკთა ასოციაციის (UAW) განცხადებით, დავის გადაწყვეტა კომპანიების ხელშია, რომლებმაც თავიანთ თანამშრომლებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. ასოციაცია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 140 000 თანამშრომლისთვის ხელფასების 40%-ით გაზრდას ცდილობდა. ეს იმის ფონზე, როდესაც კომპანიების მენეჯერების ანაზღაურება მუდმივად იზრდებოდა.

ხელფასების მომატების გარდა თანამშრომლები ითხოვენ:

  • ოთხდღიან სამუშაო კვირას;
  • ინფლაციის გათვალისწინებით ანაზღაურების ავტომატური ზრდის სისტემის დაბრუნებას;
  • თანამშრომლებისთვის „დროებითი“ სტატუსის ვადების მკაცრად განსაზღვრას, რამდენადაც ისინი ვერ სარგებლობენ ასოციაციის შეღავათებით.

Ford-ის აღმასრულებელი დირექტორების განცხადებით, გაფიცვების თავიდან არიდების იმედი ჰქონდათ, თუმცა არსებობს ზღვარი, რის მიღმაც კომპანია დათმობას არ აპირებს. კომპანიის პოზიციით, ასეთი მოთხოვნები საოპერაციო ხარჯების გაორმაგებას ნიშნავს.

ეს დაპირისპირება დიდ შეფერხებას გამოიწვევს საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტებისთვის, რაც საბოლოოდ პროდუქციის ფასზეც აისახება. ანდერსონის ეკონომიკური ჯგუფის შეფასებით, 10 დღიანი გაფიცვა 3 კომპანიას, რომელიც ინდუსტრიის მთლიანი გაყიდვების 40%-ზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა $1 მილიარდამდე დაუჯდეს.

აღსანიშნავია, რომ გაფიცვას თეთრი სახლიც გამოეხმაურა, სადაც აცხადებენ, რომ პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ასოციაციის წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის შესახებ დეტალები არ საჯაროვდება.

აშშ-ს ავტოინდუსტრიაში დასაქმებულები ბოლოს 2019 წელს გაიფიცნენ. General Motors-ის თანამშრომელთა გაფიცვა 6 კვირით გაგრძელდა.