LIVE

პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ახანგრძლივებს

12 სექ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 367
პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ახანგრძლივებს

პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვებს ახანგრძლივებს. მიზანი ადგილობრივი ფერმერების დაცვაა, რამდენადაც ისინი ჭარბი მარაგების გამო, ადგილობრივი წარმოების ფასების ვარდნას აპროტესტებდნენ.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, რობერტ ტელუს, განცხადებით, ვარშავა დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი მას ამჟამინდელი შეზღუდვების გახანგრძლივების უფლებას დართავს: "წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ნაბიჯი ხისტი იქნება, რადგან ეს საკითხი პოლონელი ფერმერების ინტერესებს ეხება."

ცნობისთვის, ევროკავშირის ნებართვას, რომელიც გაერთიანების წევრ 5 სახელმწიფოს (ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი) უკრაინული მარცვლეულის შიდა ბაზარზე გაყიდვის აკრძალვის ნებართვას აძლევდა, ვადა 15 სექტემბერს გასდის. სავარაუდოდ, აღნიშნული კიევსა და ბრიუსელს შორის დავას გააჩენს. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი შეზღუდვების თანახმად, უკრაინული მარცვლეული პოლონეთის ტერიტორიაზე შედის, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე არ იყიდება; პოლონეთი მხოლოდ სატრანზიტო გზას წარმოადგენს უკრაინასა და ევროკავშირის დანარჩენ ნაწილებს შორის. 

გასულ კვირას უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ტარას კაჩკამ განაცხადა, რომ პოლონეთის მიერ უკრაინულ მარცვლეულზე იმპორტის შეზღუდვის გახანგრძლივების შემთხვევაში კიევი საჩივრით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მიმართავს. 

საყურადღებოა, რომ 15 სექტემბერს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული; ხოლო მმართველი "კანონისა და სამართლიანობის" პარტიისთვის (PiS), რომელსაც სათავეში მესამე ვადით დარჩენა სურს, ფერმერები ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერები არიან.