LIVE

ფასის ზრდის შემდეგ, ესპანეთში ზეითუნის ზეთი ქურდების სამიზნე ხდება

11 სექ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
ფასის ზრდის შემდეგ, ესპანეთში ზეითუნის ზეთი ქურდების სამიზნე ხდება

ჩამოსასხმელად გამზადებული დაახლოებით 50 000 ლიტრი ზეითუნის ზეთი 30 აგვისტოს ესპანეთში, კორდობის პროვინციაში მდებარე ქარხნიდან გაქრა

ქურდებმა ორ ავზში მოთავსებული 500 000 ევროდ შეფასებული უმაღლესი ხარისხის ზეთი გაიტანეს, რასაც, სავარაუდოდ, ორი საათი დასჭირდა. 

საკვების ქურდობა ახალი არ არის, მაგრამ ზეითუნის ზეთთან დაკავშირებული შემთხვევები აჩვენებს, თუ როგორ იმოქმედა გვალვებმა ფასებზე და რამდენად ძვირფასი გახდა ეს პროდუქტი.

ქურდობა და მაღაზიებში თაღლითური გზით პროდუქტების გაყიდვა მორიგი თავის ტკივილია მწარმოებლებისთვის, რომლებიც ებრძვიან ექსტრემალურ ამინდს, გაზრდილ ხარჯებს და შემცირებულ მყიდველებს. 

"ყველა შეშფოთებულია, რადგან ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და ზეითუნის ზეთი ნამდვილად იქცევა "თხევად ოქროდ", - ამბობს Marin Serrano El Lagar SL-ის მენეჯერი მარტინ პარა. ეს ის კომპანია, რომელიც გასულ კვირას კორდობაში ქურდობით დაზარალდა. 

დამანგრეველმა გვალვამ გაანახევრა ქვეყნის ზეითუნის ზეთის 2022-23 წლების სეზონის წარმოება. ასევე იტალიაში წარმოებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კიდევ უფრო შეამცირა გლობალური მარაგი. სიმშრალე და სითბური ტალღები წელს ასევე საფრთხეს უქმნის ესპანეთის მოახლოებულ მოსავალს და ფერმერთა ჯგუფი ASAJA ანალოგიურად ცუდ მოსავალს ელის. 

ამან ხელი შეუწყო ქვეყნის სამხრეთში, გასულ წელთან შედარებით, ფასების გაორმაგებას. მომხმარებელთა ასოციაცია OCU-ს თანახმად, ესპანურ სუპერმარკეტებში, ივლისის შუა რიცხვების შემდეგ, ერთი ბოთლი ზეითუნის ზეთის ღირებულება დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. 

ხშირად მაღალი ფასები ახალისებს დანაშაულს. გადამუშავებული ზეითუნის ზეთის გარდა, ქურდების სამიზნეა ახლად დაკრეფილი ან ჯერ კიდევ ხეებზე არსებული ზეთისხილი.

ესპანეთში, ხაენის რეგიონში, 2022-23 წლების სეზონზე 259 000 კილოგრამი ზეთისხილი მოიპარეს, რაც გასულ წელთან შედარებით, 29%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კრიმინალთან ბრძოლას მწარმოებლები უსაფრთხოების გაზრდილი ზომებით ცდილობენ.