
ბრაზილიაში ამაზონის ტყეების გაჩეხა აგვისტოში 66,11%-ით შემცირდა, რაც თვიურ ჭრილში ყველაზე მკვეთრი კლებაა 2018 წლის შემდგომ. გარემოს დაცვის მინისტრმა, მარინა სილვა აღნიშნავს, რომ ეს შედეგი გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რამდენადაც წლის ამ პერიოდში ტყის ჩეხა, როგორც წესი იზრდება.
ამ მონაცემებს ადასტურებს ბრაზილიის კოსმოსური კვლევის სააგენტოს, INPE-ს სატელიტური მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ტყის საფარის 563 კმ² გაიჩეხა. სააგენტოს მონაცემებით, პირველ 8 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტყეების განადგურება 48%-ითაა შემცირებული.
ამ შედეგებს განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელმაც 2030 წლისთვის რეგიონში ტყის ჩეხის დასრულების პირობა დადო. აღსანიშნავია, რომ ამაზონის ტყის ჩეხა გაიზარდა მისი წინამორბედის, ჟაირ ბოლსონაროს პრეზიდენტობის დროს, რომელმაც გარემოს დაცვის მექანიზმები შეამცირა.
ზოგიერთი ექსპერტი შიშობდა, რომ ლულას ადმინისტრაციის პირველი შვიდი თვის მიღწევა, რისკის ქვეშ დადგებოდა აგვისტოსა და სექტემბრის მშრალი ამინდების დროს - ტყის ჩეხის ყველაზე აქტიურ პერიოდში. თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობა ამტკიცებს, რომ მათი ღელვა არ გამართლდა.
ამაზონის ტყეების გაჩეხა ზიანის მომტანია, არამარტო ადგილობრივი ეკოსისტემისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში. ტყის ჩეხა უარყოფითად აისახება მკვიდრი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, იწვევს ხანძრებს, ზრდის ნახშირორჟანგის ემისიას. გარდა ამისა, ტყის ჩეხა იწვევს ნიადაგის ეროზიას, წყალდიდობას, გაუდაბნოებას, მდინარეების დაბინძურებასა და ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მსოფლიოს გარშემო წყლის მიმოქცევაზე.
გასულ თვეს ბრაზილიამ ტროპიკული ტყეების მთავარ სამიტს უმასპინძლა, სადაც ამაზონის რვა ქვეყანა რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ერთიანი გარემოსდაცვით პოლიტიკასა და ზომების ჩამონათვალზე შეთანხმდა. თუმცა სახელმწიფოები მთავარ მიზანზე, ტყეების გაჩეხის სრულად შეჩერებაზე, ვერ შეთანხმდნენ.