
რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტი აგვისტოში 11-თვიან მინიმუმზე დაეცა. მიზეზი გახდა დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რომელთა გამოც ქარხნებმა ნავთობის გადამუშავება დროებით შეწყვიტეს.
გასულ თვეს ნავთობპროდუქტების, მათ შორის დიზელისა და ბენზინის საწვავის, ექსპორტმა დღეში 2.28 მილიონი ბარელი შეადგინა. ივლისთან შედარებით ეს 9%-იანი კლება იყო, რაც 2022 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საინტერესოა, რომ აგვისტოს ბოლოს რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტმა რვაკვირიან მაქსიმუმს მიაღწია. ამასთან, რუსეთი საუდის არაბეთს ნავთობის მიწოდების შეზღუდვის წლის ბოლომდე გახანგრძლივებაში შეუერთდა.
რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი "დიდი შვიდიანის" (G7) წევრი ქვეყნების მიერ დაწესებული ზღვრული ფასებიც გახდა, რამაც რამდენიმე პროდუქტის გადაზიდვაზე პრობლემები გააჩინა.
კერძოდ, დიზელისა და ბენზინის ექსპორტი ივლისთან შედარებით 5.7%-ით შემცირდა და სამთვიან მინიმუმზე (დღეში 1.04 მილიონი ბარელი) დაეცა. აღსანიშნავია, რომ რუსული დიზელის ორი უმსხვილესი მყიდველი თურქეთი და ბრაზილია იყო.
საწვავის ექსპორტი მეოთხედით შემცირდა და დღეში 592 000 ბარელი შეადგინა, რაც 2022 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. იმ დროისთვის რუსული საწვავის ყველაზე დიდი იმპორტიორი აშშ იყო. მიუხედავად ამისა, აშშ-მა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საწვავის იმპორტი სრულად აკრძალა.