LIVE

ქუთაისის აეროპორტი ყველა ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებას შეძლებს

06 სექ 202314:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 528
ქუთაისის აეროპორტი ყველა ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებას შეძლებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3.5 კ.მ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტირების თაობაზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ კომპანია „აბსოლუტ სერვისთან“ ხელშეკრულება გააფორმა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო სამუშაოები მოიცავს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკებისა და სანიაღვრე სისტემის დაპროექტებას.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „აბსოლუტ სერვისმა“ პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ 200 ათასი ლარია, 6 თვის ვადაში უნდა წარადგინოს. აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ თანხას საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სამომავლო პერსპექტივაში საქართველოში ერთადერთი იქნება, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

„პროექტირების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მომსახურება. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც სატრანსპორტო ჰაბი - ლოგისტიკური და სამგზავრო გადაზიდვების თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის იქნება განკუთვნილი. კერძოდ, უნდა მოერგოს ბოინგ 747 ხომალდს. აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ეს შესაძლებელს გახდის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლონ დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდებმა, რაც შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებების დამატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, ხოლო მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2.5 კ.მ-ია. ეს კი საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვების საშუალებას იძლევა.