LIVE

ბუნებრივი ბრილიანტის ფასები იკლებს, ლაბორატორიულზე მოთხოვნა იზრდება

09 სექ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2367
ბუნებრივი ბრილიანტის ფასები იკლებს, ლაბორატორიულზე მოთხოვნა იზრდება

გლობალურად ბუნებრივი ბრილიანტის ფასები ეცემაამის მიზეზი ბუნებრივი ბრილიანტის საქორწინო ბეჭდებზე მოთხოვნის შემცირებაა, რამდენადაც უფრო და უფრო მეტი ამერიკელი უპირატესობას ლაბორატორიული ბრილიანტის შეძენას ანიჭებს.

პანდემიის შემდეგ ბუნებრივ ბრილიანტზე მოთხოვნა შემცირდა: ადამიანები ფულს უფრო მეტად არა ფუფუნების საგნებზე, არამედ მოგზაურობასა და ცხოვრებისეული გამოცდილებების მიღებაზე ხარჯავენ. ეს ტენდენცია ყველაზე მეტად სწორედ ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდა. 

ბუნებრივი და სინთეტიკური ბრილიანტების ხარისხს შორის განსხვავება არ არსებობს. პირველი ბუნების წიაღში მუშავდება, რასაც მილიონობით წელი სჭირდება; ხოლო მეორე იმავე პირობების გამოვლით, თუმცა ადამიანის მიერ, ლაბორატორიაში მუშავდება, რისთვისაც მხოლოდ რამდენიმე კვირაა საჭირო. ხელოვნური ბრილიანტი, შედარებით დაბალი ფასის გამო, ყოველთვის ქმნიდა ჩანაცვლების საფრთხეს ბუნებრივი ბრილიანტისთვის.

მომხმარებელთა მოთხოვნის აღნიშნული ცვლილება არ გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტიპის ბრილიანტის ფასები შემცირდება; თუმცა, De Beers-ს, რომელიც გლობალურად ბრილიანტების ინდუსტრიაში მოწინავე კომპანიაა, გასულ წელს ბუნებრივი ბრილიანტის ფასის 40%-ით შემცირება მოუწია. 2022 წლის ივლისში ერთი კარატი ბუნებრივი ბრილიანტი $1 400 ღირდა, ხოლო 2023 წლის ივლისში ფასი $850-მდე დაეცა.

საყურადღებოა, რომ De Beers-ი ბუნებრივი ბრილიანტების მსოფლიო ბაზარზე მონოპოლია. შესაბამისად, მას ფასზე კონტროლის მყარი ბერკეტი აქვს. სწორედ ამის გამო, De Beers-ის მიერ ფასების შემცირება ბოლო გამოსავლად ფასდება. 

ერთ-ერთი მყარი საფუძველი იმის თქმისა, რომ ლაბორატორიულ ბრილიანტზე მოთხოვნა გაზრდილია, ინდოეთის, მსოფლიოში ბრილიანტის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებლის, მიერ ხელოვნური ბრილიანტის ექსპორტის ზრდაა. ხუთი წლის წინ, ინდოეთიდან ექსპორტირებული ბრილიანტის მხოლოდ 1% იყო ლაბორატორიული, ხოლო 2023 წლის ივნისში ეს რიცხვი 9%-მდე გაიზარდა. 

მიუხედავად ამისა, ბრილიანტების ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ფასები ლაბორატორიულ ბრილიანტზეც კი მნიშვნელოვნად შემცირებულია. ხუთი წლის წინ ლაბორატორიული ბრილიანტი 20%-ით იაფი იყო ბუნებრივთან შედარებით, თუმცა ახლა უკვე 80%-ით იაფია.