LIVE

Bloomberg Economics: ჩინეთმა აშშ-ს ეკონომიკას შესაძლოა ვეღარასდროს გადაუსწროს

10 სექ 202313:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 370
Bloomberg Economics: ჩინეთმა აშშ-ს ეკონომიკას შესაძლოა ვეღარასდროს გადაუსწროს

შენელებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, ჩინეთი მსოფლიოს პირველ ეკონომიკას ვეღარ დაჩრდილავს. Bloobmberg Economics-ის შეფასებით, ჩინეთმა შესაძლოა, პირველობა ვეღარასდროს მოიპოვოს.

ექსპერტების აზრით, ჩინეთს 2040-იანი წლების შუა პერიოდამდე დასჭირდება დრო, რათა მთლიანი შიდა პროდუქტი ისე გაზარდოს, რომ აშშ-ს ეკონომიკას გადააჭარბოს, თუმცა მხოლოდ მცირედით და ისიც დროებით. პანდემიის დაწყებამდე პროგნოზი სხვაგვარი იყო - ჩინეთის პირველობას ახალი ათწლეულის დასაწყისში ვარაუდობდნენ.

„ჩინეთი უფრო ადრე გადავიდა ნელი ზრდის ტემპზე, ვიდრე ველოდით. ქვეყანაში პანდემიის შემდგომმა აღდგენამ ძალა დაკარგა, რასაც უძრავი ქონების კრიზისი დაემატა და შედეგად, პეკინის ეკონომიკის მართვის მიმართ ნდობა შეირყა. ეს კი გრძელვადიან ზრდის პოტენციალს უფრო აფერხებს“,- ნათქვამია Bloomberg Economics-ის ახლად გამოქვეყნებულ პროგნოზში.

ჩინეთის ეკონომიკა გასულ წელს მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ნელი ზრდაა. ეკონომისტების ვარაუდით, სიდიდით მეორე ეკონომიკის ზრდა 2030 წლისთვის 3.5%-მდე, ხოლო 2050 წლისთვის 1%-მდე შენელდება. ეს პროგნოზი ბევრად დაბალია, ვიდრე წინა მაჩვენებლები, შესაბამისად,  4.3% და 1.6%.

ჩინეთი ებრძვის სხვა გრძელვადიან გამოწვევებსაც. 1960-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში მოსახლეობის შემცირება გასულ წელს პირველად დაფიქსირდა. ეს კი პროდუქტიულობის შესუსტებასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

მეორე მხრივ, აშშ-ს ეკონომიკა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ ეკონომისტები პროგნოზირებდნენ. ძლიერმა შრომითმა ბაზარმა, მყარმა სამომხმარებლო დანახარჯებმა და ინფლაციის შერბილებამ, რეცესიის თავიდან აცილების შესაძლებლობა გააძლიერა. Goldman Sachs Group-მა რეცესიის შესაძლებლობის 20%-იანი პროგნოზი, 15%-მდე შეამცირა.

Bloomberg Economics-ის შეფასებით, აშშ-ს პოტენციური ზრდა 2022-2023 წლებში 1.7%-მდე 2050 წლისთვის კი ეტაპობრივად, 1.5%-მდე შემცირდება.