
მეტი ღამის მატარებელი, მეტი დაკავშირებული ქალაქები და მეტი კომფორტი: გერმანიის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Deutsche Bahn-ისა (DB) და ავსტრიის ფედერალური რკინიგზის, Österreichische Bundesbahnen-ის (ÖBB), მატარებლები ახალი მიმართულებებისკენ, კიდევ უფრო შორ მანძილებზე ივლიან.
ახალ მიმართულებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ბერლინი-ვენადან პარიზი-ბრიუსელის მიმართულება, რომელზეც გერმანულ-ავსტრიული სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიების მატარებლები მიმდინარე წლის დეკემბრიდან ივლიან. საწყის ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებებით მატარებლები კვირაში სამჯერ ივლიან, ხოლო უკვე 2024 წლის აგვისტოდან - ყოველდღიურად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მატარებლები პარიზსა და ბრიუსელში ცალ-ცალკე ჩავლენ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ორი ქალაქი ერთმანეთთან დაკავშირებული არ იქნება.
გარდა ამისა, იზრდება ახალი სარკინიგზო კავშირების რაოდენობა გერმანიასა და ავსტრიას შორის. ახალი წლიდან ÖBB-ის ღამის მატარებლები ჰამბურგი-ვენასა და ჰამბურგი-ინსბრუკის მიმართულებებით ივლიან. ჰამბურგს ავსტრიის დედაქალაქთან ყოველდღიური კავშირი ექნება. აღნიშნულ რეისებზე ჩქაროსნული მატარებლები (ICE) ივლიან, რომელთა სიჩქარე საათში 230 კილომეტრი იქნება.
გარდა ამისა, დეკემბრიდან DB და ÖBB ყოველდღიურად იმოძრავებენ ბერლინი-ფრანკფურტი-შტუტგარტი-ინსბრუკის და საპირისპირო მიმართულებით. აღნიშნულ გზაზე რეისები ამჟამად მხოლოდ შაბათ-კვირას სრულდება. ღამის მატარებლები ივლიან ფრანკფურტი-მიუნხენი-ზალცბურგი-კლაგენფურტის გზაზე.
ყოველდღიურად, 06:00-21:00 დროის პერიოდში, საათობრივი მიმოსვლა იქნება მიუნხენსა და ზალცბურგს შორის. ინსბრუკსა და მიუნხენს შორის ორსაათიანი სერვისი იმოქმედებს 06:40-21:40 დროის პერიოდში.
ახალი სარკინიგზო მიმართულებების შექმნითა და უკვე არსებულთა დატვირთვის მომატებით, DB-ისა და ÖBB-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მგზავრთა რაოდენობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 40%-ით გაიზრდება.
ÖBB-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, საბინ სტოკის, განცხადებით, ავსტრიული რკინიგზა 2030 წლისთვის მგზავრთა რაოდენობის გაორმაგებას ისახავს მიზნად. ამას გარდა, DB-ის წარმომადგენელმა, სტეფანი ბერკმა, აღნიშნა, რომ რკინიგზის სერვისის გაუმჯობესება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან გერმანულ-ავსტრიული რკინიგზის სერვისები ახალი მიმართულებებით დაუკავშირდება იტალიას.