
2023 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირს, ნორვეგიასა და შვეიცარიას თავშესაფრის მისაღებად ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მონაცემებს ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო (EUAA) აქვეყნებს.
უფრო კონკრეტულად, იანვარ-ივნისის პერიოდში დაფიქსირდა თავშესაფრის მაძიებელთა 519 000 აპლიკაცია, რაც 28%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ამასთან, აღნიშნული პერიოდის ფარგლებში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც 2016 წლის შემდეგ დაფიქსირებულა. "მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, 2023 წლის ბოლომდე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ შესაძლოა 1 მილიონს გადააჭარბოს," - აღნიშნულია EUAA-ს ანგარიშში.
თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდ ჯგუფს სირიის მოქალაქეები ქმნიან: 67 000 აპლიკაცია სწორედ სირიელებს ეკუთვნით, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 47%-იანი ზრდაა. სირიელ აპლიკანტთა 62% გერმანიამ განიხილა.
სირიის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით ლიდერობენ: ვენესუელა, თურქეთი, კოლუმბია, ბანგლადეში და პაკისტანი.
აღსანიშნავია, რომ პროცედურულ ეტაპზე, აპლიკანტთა 41%-მა ლტოლვილის ან მსგავსი ტიპის სხვა სტატუსი მოიპოვა.
EUAA-ს თანახმად, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელი რუსებისა და ირანელების რაოდენობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს რიცხვები არ ითვალისწინებს იმ დაახლოებით 4 მილიონ უკრაინელს, რომელსაც რუსეთის ომის გამო ქვეყნის დატოვება და ევროპაში დასახლება მოუწია.
ანგარიშის თანახმად, თავშესაფრის მიღების მსურველთა 519 000 აპლიკანტიდან 3%-ს, რაც სულ 14 048 ადამიანია, საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ.