
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორში საშუალოდ 737 700 ადამიანი იყო დასაქმებული (თვითდასაქმებული და დაქირავებით დასაქმებული), საიდანაც 42.9% ქალია, ხოლო 57.1% - კაცი.
აღსანიშნავია, რომ დაქირავებულთა რაოდენობა წლიურად 6.7%-ით გაიზარდა და 700 500 ადამიანი შეადგინა. საწარმოთა ჯამური დანახარჯები პერსონალზე 4.1 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 25.6%-ით მეტია.
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ დასაქმებულთა ჯამური რაოდენობის 43.3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.8% - საშუალოზე, ხოლო 35.9% - მცირე ბიზნესზე.
II კვარტალში, ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 914.7 ლარს გაუტოლდა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ანაზღაურება 289 ლარითაა გაზრდილი. მათ შორის, ქალების ხელფასმა წლიურად 215.4 ლარით მოიმატა და 1 482.4 ლარი შეადგინა.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- მსხვილი ბიზნესი - 2 032.6 ლარი;
- საშუალო ბიზნესი - 2 182.6 ლარი;
- მცირე ბიზნესი - 1 570.3 ლარი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბიზნესსექტორში ყველაზე მეტი დასაქმებული თბილისშია, შემდეგ მოდის აჭარა და იმერეთი.
II კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
- თბილისი - 64.2%;
- აჭარა - 9.4%;
- იმერეთი - 7.1%;
- ქვემო ქართლი - 6%;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.6%;
- კახეთი - 2.9%;
- შიდა ქართლი - 2.3%;
- მცხეთა-მთიანეთი - 1.6%;
- სამცხე-ჯავახეთი - 1.5%;
- გურია - 1%;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3%.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის II კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 15.2%-ით, 48 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. II კვარტალში მისი მოცულობა 18.3 მლრდ ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 10.8%-ით აღემატება.
აპრილ-ივნისში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 63.8% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.2% - საშუალოზე, ხოლო 21% - მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობა იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების ნაწილში. მსხვილ ბიზნესზე პროდუქციის გამოშვების 45.2% მოდიოდა, საშუალოზე - 23%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.8%.
აღსანიშნავია, რომ II კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 37.9% ვაჭრობის (ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.1%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა - 7.9%, მშენებლობა - 6.3%, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.7%, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.6%, ხოლო 9.5% დანარჩენ დარგებზე გადანაწილდა.