
საბერძნეთის ტყის ხანძარი ევროკავშირში „ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის“( Effis) მიერ აღრიცხულ ყველაზე მასშტაბურ ხანძრად გამოცხადდა. ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია მთლიანი ბლოკის ხანძარსაწინააღმდეგო საჰაერო ფლოტის თითქმის ნახევარი.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის ზონაში 582 მეხანძრე მუშაობს, რომლებსაც ევროპის 9 ქვეყნის მიერ გამოგზავნილი 10 თვითმფრინავი და 7 ვერტმფრენი ეხმარება.
ხანძრებთან ეფექტური ბრძოლისთვის, თავად ქვეყანა, ევროკავშირისგან დამოუკიდებლად, თუმცა მისი ფინანსური მხარდაჭერით, საჰაერო ფრთის შექმნაზე მუშაობს, რომლის 12 თვითმფრინავი 2030 წლიდან იქნება მზადყოფნაში.
„ხანძრები სულ უფრო და უფრო ძლიერდება. თუ გასული პერიოდის ყოველწლიურ მაჩვენებლებს გადავხედავთ, დავინახავთ არასასურველ ტენდენციას, რომლებიც წევრი ქვეყნების სახელმწიფოებრივ დონეზე გაძლიერებას მოითხოვს“,- აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი, ბალაზს უჯვარი.
ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, დამწვარი ტერიტორია 810 კვ.კმ-ს აღწევს, რაც ქალაქ ნიუ-იორკზე დიდია. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის მიხედვით კი, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, დადიას ეროვნულ პარკში, ხანძარი "ჯერ კიდევ უკონტროლოა".
19 აგვისტოს შემდეგ, ხანძრით დაღუპულთა რიცხვი 20-ს აღწევს. აქედან, 18 ადამიანზე ფიქრობენ, რომ მიგრანტები არიან, რადგან მათი სხეულები იმ რეგიონში იპოვეს, რომელიც მეზობელი თურქეთიდან შემოსასვლელად ყველაზე აქტიურად გამოიყენება. ამ დროისთვის, ხანძრის ზონებიდან ევაკუირებულია 20 000-ზე მეტი ადამიანი, რაც მთავრობის შეფასებით, ყველაზე მასშტაბური ევაკუირებაა ქვეყნის ისტორიაში.