
დღეს დილით უკრაინაში, ოდესას რეგიონში, მდინარე დუნაის ერთ-ერთ პორტზე, რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმა 3 საათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.
უკრაინული მხარის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, დაშავდა მინიმუმ ორი ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ დუნაი უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტის მთავარი გზა გახდა; ხოლო რუსეთმა, შესაბამისად, დუნაის პორტებზე თავდასხმები გააძლიერა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დღევანდელი შემთხვევის შემდეგ აღნიშნა, "რუსი ტერორისტები აგრძელებენ პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს იმ იმედით, რომ მსოფლიოში სურსათის კრიზისსა და შიმშილს შეუწყობენ ხელს."
ოფიციალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად დუნაის რომელ პორტზე მიიტანა რუსეთმა საჰაერო იერიში, ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. ზოგიერთი უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებები ისმოდა რენის პორტში, უკრაინაში დუნაის ორი ძირითადი პორტიდან ერთ-ერთში.
რენი და იზმაილი - უკრაინის ორი უდიდესი პორტი მდინარე დუნაიზე - ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ დაბომბა.