
დანიური სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის, Lego-ს 2023 წლის პირველი ნახევრის შემოსავლები 1%-ით გაიზარდა და $4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს რიცხვი მეტად პოზიტიურია იმის ფონზე, რომ სათამაშოების სხვა მწარმოებელი კომპანიების შემოსვლები ორნიშნა მაჩვენებლით იკლებს.
მართალია, Covid-19-ის პანდემიის მკვეთრი ზრდის შემდგომ, ბოლოდროინდელმა მაკროეკონომიკურმა ძვრებმა Lego-ზეც იმოქმედა, თუმცა კომპანიამ მაინც შეძლო ბაზრის მნიშვნელოვანი წილის შენარჩუნება.
„ვფიქრობ, ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ინდუსტრიის ზრდას. ბოლო 4-5 წელია ბაზრის სხვა მონაწილეებს 10 პროცენტული პუნქტით ვაჭარბებთ, რაც ნიშნავს, რომ უწყვეტად ვინარჩუნებთ ბაზრის მნიშვნელოვან წილს“, - ამბობს Lego-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნილს კრისტიანსენი.
სათამაშოების ინდუსტრია ერთ-ერთი იყო, რომელმაც Covid-19-ის პანდემიის დროს მნიშვნელოვნად გაზრდილი შედეგები დააფიქსირა. აკრძალვების შედეგად სახლში დარჩენილი ბავშვებისთვის თამაში საინტერესო თავშესაქცევი იყო, თუმცა არც უფროსები ამბობდნენ უარს Lego-ს აწყობაზე. სწორედ ამ დროს Lego-მ ასორტიმენტი განაახლა და მოზარდებზე გათვლილი პროდუქტიც შემატა.
თუმცა Lego-ს, ისევე როგორც სხვა მრავალი კომპანიის, საწარმოო თუ გადაზიდვის ხარჯები გაიზარდა მსოფლიოს საერთო ეკონომიკური ფონის გაუარესების შემდეგ. შედეგად, კომპანიის 2023 წლის პირველი ნახევრის წმინდა მოგებამ $742 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 17%-ით ჩამორჩება.
თუმცა კომპანია იმედოვნებს, რომ წელს საწარმოო ნედლეულის ფასები დასტაბილურდება. ასევე ელიან გადაზიდვის მაღალი ხარჯების შემცირებასაც, საწარმოების მნიშვნელოვან ბაზრებთან ახლოს განთავსების შედეგად. ასე მაგალითად, აშშ-ს ბაზარი მექსიკაში არსებული საწარმოთი მარაგდება, თუმცა შემდგომ ორ წელიწადში ეს მიწოდების ჯაჭვი შემცირდება, რამდენადაც კომპანია ქარხანას ვირჯინიის შტატში ხსნის.
Lego ახალ ბაზრებსაც იპყრობს - მხოლოდ წელს 89 ახალი მაღაზია გაიხსნა მსოფლიოს გარშემო და აქედან 54 ჩინეთში. მსოფლიოს ამ ნაწილში ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ Lego-ს, კომპანიის სტრატეგიის მიხედვით კი, ფიზიკური მაღაზიის გახსნა პროდუქტთან ახლოს გასაცნობად უფრო ეფექტური მიდგომაა. კომპანია ამის გათვალისწინებით წლის ბოლომდე ორნიშნა ზრდას ელის.