
ტეილორ სვიფტთან, ბიონსესთან და "ბარბენჰაიმერთან" დაკავშირებული ციებ-ცხელება აშშ-ის ეკონომიკას მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს.
Bloomberg Economics-ის თანახმად, მეგავარსკვლავების ტურები და ბლოკბასტერული ფილმები, აშშ-ის ეკონომიკას, წლის მესამე კვარტალში, სავარაუდოდ, $8,5 მილიარდს მოუტანენ.
არტისტების მიერ აშშ-ში დაგეგმილი 50-მდე კონცერტი ეკონომიკას, სავარაუდოდ, $5,4 მილიარდს შესძენს, Barbie და Oppenheimer კი - $3,1 მილიარდს.
ანალიტიკოსებმა ივლისი-სექტემბრის პერიოდისთვის ზრდის პროგნოზი გააორმაგეს, რაც ეკონომიკაზე ასევე პოზიტიურად აისახება. აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელი იკლებს, შრომის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს. ზოგი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ რეცესია გადაიდო, ნაწილი კი ამბობს, რომ მისი საფრთხე აღარ არსებობს.
მიუხედავად ამისა, Bloomberg-ის გუნდი მიიჩნევს, რომ ფილმებისა და საკონცერტო ტურნეებისგან წამოსული სტიმული ხანმოკლეა. უფრო მეტიც, ეკონომიკა კვლავ მყიფეა მოთხოვნის შემცირების მიმართ. ასევე, საბინაო ბაზარი ზეწოლას განიცდის დაბალი მიწოდებისა და იპოთეკური განაკვეთების ზრდის შედეგად.