LIVE

აშშ SpaceX-ს დასაქმების დისკრიმინაციული პოლიტიკისთვის უჩივის

26 აგვ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 526
აშშ SpaceX-ს დასაქმების დისკრიმინაციული პოლიტიკისთვის უჩივის

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ) მილიარდერ ილონ მასკის კოსმოსური ხომალდების კომპანია SpaceX-ს, თანამშრომელთა აყვანის დროს, დისკრიმინაციული მიდგომის გამო უჩივის. DOJ-ის განცხადებით, 2018-2022 წლებში კომპანია უარს აცხადებდა ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელთა დაქირავებაზე.

სარჩელის მიხედვით, SpaceX-ი აცხადებდა, რომ ექსპორტის კონტროლის კანონები უზღუდავდა მსგავსი კადრების დასაქმებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საემიგრაციო დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, DOJ-მა SpaceX-ზე გამოძიება 2020 წლის ივნისიდან დაიწყო.

„ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ SpaceX-მა არ დაიქირავა და სხვადასხვა პოზიციისთვის ვერ განიხილა ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელთა კანდიდატურა, მათი მოქალაქეობის სტატუსის გამო. კომპანიამ ფედერალური კანონის დარღვევით, მათი დაქირავება აკრძალა, მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა და უნარებისა“, -  განაცხადა კრისტენ კლარკმა, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო უფლებების სამმართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწემ.

იუსტიციის დეპარტამენტმა, SpaceX-ისგან მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 4 დაქირავების პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 10 000 თანამშრომლის აყვანისას, მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც კომპანიამ საცხოვრებლის მაძიებლის სტატუსის მქონე პირი დაიქირავა. ეს ფაქტი კი მას შემდეგ მოხდა, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა SpaceX-ს გამოძიების დაწყების შესახებ აცნობა.

იუსტიციის დეპარტამენტი ამ სარჩელით შეეცდება ქვეყანაში მყოფი დასაქმების მსურველი ლტოლვილებისთვისა და საცხოვრებლის მაძიებლებისთვის სამართლიანი განხილვის პირობები მოიპოვოს. ასევე SpaceX-ისგან ითხოვს, რომ აუნაზღაურონ ზარალი ყველა იმ პოტენციურ დასაქმებულს, რომელთაც აყვანის შესახებ უარი დისკრიმინაციის საფუძველზე მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ეს სარჩელი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც  ილონ მასკის კომპანიას ბრალი დისკრიმინაციულ მიდგომაში ედება. გასულ თვეს სოციალური მედია პლატფორმის, X-ის (ყოფილი Twitter) წინააღმდეგ, ყოფილმა თანამშრომლებმა სარჩელი გენდერული, ასაკობრივი და რასობრივი დისკრიმინაციის საფუძველზე შეიტანეს.