„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მთავრობამ კრიზისული პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ინვესტიციების მოზიდვა შეძლოს.
„2020 წელი თავისთავად რთული წელი იყო. ალბათ, ურთულესი, ბოლო პერიოდის განმავლობაში. ასე რომ, ინვესტიციების კლება, შეიძლება, არ იყოს ძალიან გასაკვირი. მაგრამ ჩვენ ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მთავრობის ყველა მიმართულებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს ყველა დარგში. ინვესტიციები არის არა მარტო ფულის შემოდინება, არამედ ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ცოდნის ტრანსფერი და გრძელვადიანი წარმატება საქართველოსთვის“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
ინვესტიციების ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანას 2005 წლის შემდეგ არ ჰქონია, მათ შორის არც 2008-2009 წლებში, როცა რუსეთთან ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, კლება ასევე მკვეთრი იყო.