LIVE

BRICS ფართოვდება - ჯგუფს საუდის არაბეთი, ირანი და სხვა ქვეყნები უერთდებიან

24 აგვ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 544
BRICS ფართოვდება - ჯგუფს საუდის არაბეთი, ირანი და სხვა ქვეყნები უერთდებიან

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში გამართულ სამიტზე BRICS-მა, რომელიც 5 ქვეყნის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა, გაფართოების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

BRICS-ში შემავალმა განვითარებადი ბაზრის დიდმა ქვეყნებმა: რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა, ბრაზილიამ და სამხრეთ აფრიკამ, გლობალური გავლენის გაფართოების მიზნით, ჯგუფში ნავთობის ტოპ ექსპორტიორი ქვეყნები: საუდის არაბეთი, ირანი, ეგვიპტე, არგენტინა, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები მიიწვიეს.

ქვეყნები ჯგუფს 1 იანვრიდან შეუერთდებიან, შედეგად გაერთიანებაში შემავალი სახელმწიფოების რიცხვი 11-მდე გაიზრდება. ეს 2010 წლის შემდეგ პირველი გაფართოება იქნება. ახალი გაერთიანების სახელი ჯერჯერობით უცნობია. 

გაფართოებისკენ სწრაფვა დიდწილად ჩინეთის მიერ იყო განპირობებული. მას მხარს რუსეთი და სამხრეთ აფრიკაც უჭერდა. ინდოეთი შიშობდა, რომ ეს ჯგუფს ჩინეთის რუპორად გარდაქმნიდა, ბრაზილია კი დასავლეთის გაუცხოებაზე წუხდა.

გაფართოება ნიშნავს, რომ ჯგუფი ენერგიის რამდენიმე უმსხვილეს მწარმოებელს განვითარებადი ბაზრების უდიდეს მომხმარებლებთან გააერთიანებს, რაც მას დიდ ეკონომიკურ გავლენას ანიჭებს. მსოფლიოში ენერგიით ვაჭრობა უმეტესად დოლარში ხდება, გაფართოება ბლოკს ალტერნატიულ ვალუტებზე ვაჭრობის მეტ შესაძლებლობას უჩენს.