LIVE

ინფლაცია და პანდემია აზიაში 68 მილიონამდე ადამიანის სიღარიბის მიზეზი გახდა - ADB

26 აგვ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 464
ინფლაცია და პანდემია აზიაში 68 მილიონამდე ადამიანის სიღარიბის მიზეზი გახდა - ADB

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ანგარიშის თანახმად, ცხოვრების გაზრდილი ხარჯის გამო შექმნილი კრიზისი, Covid-19-ის პანდემიის შედეგებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს უკიდურესი სიღარიბისკენ უბიძგებს.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში დაახლოებით 155.2 მილიონი ადამიანი, ანუ რეგიონის მოსახლეობის 3.9% ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი 67.8 მილიონით მეტია იმასთან შედარებით, რაც პანდემიისა და ცხოვრების გაზრდილი ხარჯის გარეშე იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ უკიდურესი სიღარიბე განისაზღვრება დღეში 2.15 აშშ დოლარზე ნაკლებით ცხოვრებით.

„აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი Covid-19-ის პანდემიისგან აღდგენას ახერხებს, მაგრამ გაზრდილი ხარჯით გამოწვეული კრიზისი სიღარიბის აღმოფხვრას აფერხებს,“- განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა, ალბერტ პარკმა. მისივე თქმით, „ღარიბი მოსახლეობისთვის სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერებითა და ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშეწყობით, რაც ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების შესაძლებლობებს ზრდის, რეგიონის მთავრობებს მდგომარეობის შეცვლა შეუძლიათ.“

ცხოვრების გაზრდილი ხარჯით გამოწვეული კრიზისი ყველაზე მეტად ღარიბ მოსახლეობას აზარალებს, რადგან მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ გაზრდილი ფასებით შეიძინონ სასიცოცხლოდ აუცილებელი სურსათი და საწვავი. გარდა ამისა, მათ არ შეუძლიათ, დაზოგონ, დაფარონ ჯანდაცვის ხარჯები ან დააბანდონ ფული განათლებაში.

შექნილი მდგომარეობით სავარაუდოდ უფრო მეტად დაზარალებულები ქალები არიან, რადგან ისინი, როგორც წესი, ნაკლებს გამოიმუშავებენ და ხშირად არაანაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ.

ღარიბი მოსახლეობა არა მხოლოდ ნაკლებს გამოიმუშავებს, არამედ მეტსაც იხდის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებსა და სერვისებში. მაგალითად, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები ხშირად იძულებული არიან, ფართო მოხმარების საქონელი მცირე რაოდენობით იყიდონ, რაც შესაძლოა უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე დიდი მოცულობით ყიდვისას. ასევე, შესაძლოა იძულებულნი იყვნენ არაფორმალურ დასახლებებში იცხოვრონ, სადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები მეტია; შესაბამისად, იზრდება მათი ჯანდაცვის ხარჯები. ამას გარდა, მათ შესაძლოა ასევე უწევდეთ უფრო ხანგრძლივი და ნაკლებად მოსახერხებელი მგზავრობა. 

ADB-ის 2021 წლის გამოთვლით, 2020 წელს Covid-19-მა, პანდემიამდელ მოლოდინებთან შედარებით, დამატებით 75-დან 80 მილიონამდე ადამიანს უბიძგა უკიდურესი სიღარიბისკენ. მაშინ უკიდურესი სიღარიბე განისაზღვრებოდა $1.90-ზე ნაკლებით ცხოვრებით.

ADB-ის პროგნოზით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებადი ეკონომიკები სიღარიბის წინააღმდეგ პროგრესს განაგრძობენ. მიუხედავად ამისა 2030 წლისათვის რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით 30.3%, ანუ დაახლოებით 1.26 მილიარდი ადამიანი კვლავ ეკონომიკურად მოწყვლადი იქნება, რაც დღეში $3.65-დან $6.85-მდე თანხით ცხოვრებით განისაზღვრება. 

გაზრდილი ცხოვრების ხარჯით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მთავრობებს შეუძლიათ გააძლიერონ სოციალური დაცვის სისტემები, გაზარდონ სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა, გააუმჯობესონ ადამიანების წვდომა ფინანსურ სერვისებზე, პრიორიტეტული გახადონ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ბიძგი მისცენ ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.