LIVE

ათენთან ახლოს ხანძარი საფრთხეს უქმნის სახლებს და ტყეებს

23 აგვ 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 298
ათენთან ახლოს ხანძარი საფრთხეს უქმნის სახლებს და ტყეებს

საბერძნეთის დედაქალაქის მახლობლად ტყის ხანძარი მძვინვარებს. მოსალოდნელია, რომ ქარის სიჩქარის გამო, ის დღეს კიდევ უფრო გავრცელდება.

ათენთან ახლოს, ქალაქ ფილიში გუშინ გაჩენილი ხანძარი ღამით სამხრეთის მიმართულებით გადავიდა და კვლავ საფრთხეს უქმნის სახლებს და ტყეს ათენის გარშემო.

მიუხედავად იმისა, რომ ფილი საბერძნეთის დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, 25 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, ხანძრის კვამლი ათენის ცენტრალურ ნაწილისკენ მიედინება, რის გამოც დახურულ სივრცეშიც კი უსიამოვნო სუნია. 

საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძრის გარშემო რამდენიმე უბნის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ხანძრის ჩასაქრობად დღეს დილით 200-ზე მეტი მეხანძრე, ორი თვითმფრინავი და ხუთი ვერტმფრენი მუშაობდა. მოგვიანებით მათ ხუთი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი დაემატათ.

შაბათს დაწყებული ხანძარი კვლავ ვრცელდება ევროსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ამ მხარეში გუშინ დამწვარ ტყეში იპოვეს თვრამეტი გარდაცვლილი ადამიანი, რომელთაგან ორი ბავშვი იყო. ვინაიდან ახლომდებარე სოფლებიდან არცერთი მაცხოვრებლის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გარდაცვლილები იყვნენ თურქეთიდან შესული მიგრანტები. ევროსის რეგიონის გავლით, მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთში ხშირად გადადიან. 

ოპოზიციური პარტიები საბერძნეთის პრემიერმინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს ხანძრის პრობლემის მოუგვარებლობის გამო აკრიტიკებენ. ხანძრის შედეგად, ბოლო სამი დღის განმავლობაში 99 000 ჰექტარზე მეტი დაიწვა. მთავრობის პრესსპიკერის თქმით, მიცოტაკისი საკითხის პარლამენტში განხილვას გეგმავს.